Wednesday, April 13, 2011

სტატია



საქართველოში ბევრს შეგნებული არ აქვს რას ნიშნავს არასრულწლოვანებზე ძალადობა.
ფსიქოლოგების განმარტებით, ძალადობა ეს არის კონტროლისა და დათრგუნვის საშუალება, რომელიც მოიცავს ემოციურ, სოციალურ, ეკონომიკურ, ფიზიკურ, სექსუალურ იძულებას, დათრგუნვას და ზიანს. ის შეიძლება იყოს ღია (მაგალითად ფიზიკური), ან ფარული (მუქარა, დევნა, მოტყუება). ძალადობაა ყოველგვარი ქმედება ან სიტყვა, რომელსაც შეუძლია ადამიანი შეურაცხყოს, ზიანი მოუტანოს მას ან შელახოს კანონით მინიჭებული უფლებები. ძალადობის დროს ითრგუნება ადამიანის ნება, შელახულია მისი ხელშეუხებლობა, ღირსება და თავისუფლება.
ბავშვთა ძალადობის სხვადასხვა ფორმები არსებობს. მათ შორის ნებისმიერი ფიზიკური მოქმედება, რომელიც ტკივილს აყენებს ბავშვს და იწვევს სხეულის სხვადასხვა სიმშიმის დაზიანებას (ცემა, ხელისკვრა, პანღურის ამორტყმა, დაწვა, კბენა, მოგუდვა, ნჯღრევა, ჩქმეტა, ნემსით ჩხვლეტა, განსაკუთრებული დასჯის გამოყენება - წამება, ბნელ ადგილას ჩაკეტვა, ისეთი სამუშაოების შესრულების მოთხოვნა, რომელსაც ბავშვი ვერ გაუმკლავდება, იარაღით დამუქრება და სხვა), სიტყვიერი ან ქცევითი ზემოქმედებით ბავშვში შიშის, დამცირების, მარტოობისა და ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის საზიანო სხვა მდგომარეობების პროვოცირება (მუქარა, დაშინება, დაბრალება, დაცინვა, ურთიერთობების შეზღუდვა, ინტერესების გაუთვალისწინებლობა და სხვ), ბავშვის გამოყენება სექსუალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ან გამორჩენის მიზნით (სექსუალური რეპლიკების დევნა, ეროტიული აკლერსი, თვალთვალი, პორნოგრაფიული სურათების გადაღება, სექსუალური შინაარსის ფილმების ყურების ან ჟურნალების დათვალიერების ნებართვა ან ხელშეწყობა, გაუპატიურება ან გაუპატიურების მცდელობა, სასქესო ორგანოების დემონსტრირება, ღია საუბრები სექსზე ბავშვის ცნობისმოყვარეობის გაღვიძების მიზნით, ინცესტი, სხეულით ვაჭრობის იძულება და სხვ), ბავშვის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და განვითარებისთვის აუცილებელი საჭიროებების (საკვები, საცხოვრებელი, ტანსაცმელი, მოვლა, მეთვალყურეობა, ყურადღება, განათლება, სამედიცინო დახმარება და სხვ) რეგულარული დაუკმაყოფილებლობა მშობლის თუ მეურვის მხრიდან, ობიექტური მიზეზების გამო, ან ამგვარი მიზეზების გარეშე.
სპეციალისტთა მტკიცებით, ბავშვთა მიმართ ამგვარი ძალადობები უკვალოდ არ ქრება და შედეგად ხშირად ვიღებთ შედეგად: მათ სიკვდილს სკოლამდელ ასაკში, მომავლის შიშს, კონფლიქტებს, აგრესიულობას, უვითარდებათ დაბალი თვითშეფასება, იზიანებენ თავს, უქვეითდებათ სასკოლო უნარები (მეხსიერება, ყურადღება, ადაპტაცია). ხშირია ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის დარღვევები, ხშირად სახლიდანაც გარბიან, ეძალებიან ალკოჰოლს და ხდებიან ნარკოტიკების მომხმარებლები, ექცევიან კრიმინალური სამყაროს გარემოცვაში, მისდევენ პროსტიტუციას და თავადაც ხდებიან მოძალადენი.
"ბავშვები ხშირად არაფერს ამბობენ მათ მიერ გამოვლენილ ძალადობაზე, რადგან ფიქრობენ, რომ მათ არ დაუჯერებენ, ან მოძალადოს ეშინიათ, ანდა ფიქრობენ, რომ გარემომცველებმა ისედაც ყველაფერი იციან, ან უხერხულობოს და სირცხვილის განცდები აწუხებთ. ბავშვებს ხშირად არ ესმით, რომ მათ ზიანი მიაყენეს, ან თავად თვლის თავს დამნაშავედ და დასჯის ეშინია. ან მოძალადეს იცავს, რომ არ დააპატიმრონ, განსაკუთრებით მაშინ, როცა მოძალადე ბავშვის ახლობელი ადამიანია. მშობლები კი თვლიან, რომ ოჯახში მომხდარი ძალადობის შემთხვევა ხშირად "ოჯახის საქმეა" და სხვას არ ეხება," - ამბობს ქეთევან თავართქილაძე ბავშვთა დახმარების ცენტრის წარმომადგენელი. მისივე ინფორმაციით, შარშან ივლისის თვეში ბავშვებზე ძალადობის ექვსი ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის ოთხ შემთხვევაში დედა იყო მოძალადე.
ცოტა ხნის წინ, საქართველოსა და ესტონეთის არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც მუშაობენ ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ, ჩაატარეს ერთობლივი კვლევა. (პროექტის პარტნიორები არიან ესტონეთის ღია საზოგადოება და საქართველოს ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი.) კვლევა ეხებოდა, როგორც ოჯახურ ძალადობას, ასევე ძალადობას ბავშვებზე. გამოითხა, როგორც ექიმები, ასევე პოლიციის თანამშრომლები.
გამოკითხვების თანახმად, ქართველ პოლიციელთა უმრავლესობა და პედიატრების მესამედი ფიქრობს, რომ ბავშვებზე ძალადობა საქართველოში დახურული თემაა. საქართველოში გავრცელებულია ბავშვებზე ისეთი სახის ძალადობა, როგორიცაა "შესანჯღრევი ბავშვის სინდრომი", მას ყოველდღიურ პრაქტიკაში ხვდებიან პედიატრების 17 პროცენტი.
კვლევების თანახმად, საქართველოში ბავშვებში ფართოდაა გავრცელებული ნარკომანია. ბავშვ-ნარკომანებსა და ტოქსიკომანებთან ყოველკვირეულად პედიატრების 12 პროცენტს აქვს შეხება. ბავშვები, რომლებიც არიან ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი ყოველთვიურად პედიატრების 10 პროცენტს აქვს შეხება.
პედიატრების 47 პროცენტის შეფასებით, საქართველოში, ოჯახებში მიღებულია ბავშვების მსუბუქად ფიზიკური დასჯა, მათ შორის შემოლაწუნება, როზგი და თმებით თრევა. საქართველოში პედიატრთა 97 პროცენტი თვლის, რომ ბავშვების ცემა დაუშვებელია. ექიმთა აზრით, ბავშვებს ძირითადად მამები ურტყავენ, იშვიათად დედები. პედიატრების 15 პროცენტს პრაქტიკაში ქონიათ შემთხვევა, როცა ბავშვი ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ყოფილა, რის გამოც ბავშვი საავადმყოფოში მოუთავსებიათ. ბავშვთა ძალადობის შემთხვევების გამო, პედიატრთა 18 პროცენტო კი იძულებული იყო მიემართა დახმარებისთვის პოლიციისთვის. პედიატრთა 15 პროცენტს თითქმის ყოველწლიურად ჰქონიათ შემთხვევები, როცა მშობლები ყიდიდნენ შვილებს უცხოელებზე. თუმცა არის შემთხვევები, რომ ბავშვების კეთილდღეობის მიზნით გაუშვილებიათ უცხოელებზე, რადგან ოჯახს არ შეეძლო პატარის რჩენა. პედიატრთა 94 პროცენტი თვლის, რომ ქუჩის ბავშვების სიმრავლის პრობლემა გამოწვეულია მათი მშეობლების სიდუხჭირით, რომელიც თავის მხრივ, წარმოადგენს სახელმწიფოში გამეფებული უმუშევრობის შედეგს. პოლიციელებთა აზრით კი ქუჩაში ბავშვები იმიტომ ხვდებიან, რომ გარდა სიდუხჭირისა, გაურბიან ნარკომან ან ლოთ მშობლებს. უმთავრესი მიზეზი კი ოჯახში მათზე ძალადობაა. ასევე ფიქრობს პედიატრთა 32 პროცენტი. გამოკვლევების თანახმად, ექიმები თვლიან, რომ თბილისში საშუალოდ 1000-მდე უსახლკარო ბავშვია, რომელიც ქუჩაში ცხოვრობს.
პედიატრთა 38 პროცენტი კი თვლის, რომ ქუჩის ბავშვების სიმრავლის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ საქართველოში ბევრი ოჯახია მრავალშვილიანი, ასეთ ოჯახებში მშობლებს არ შეუძლიათ ყველა ბავშვის აღზრდა. ყოველი მეოთხე ექიმის შეფასებით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ბავშვები ქუჩას ამჯობინებენ, ოჯახში მათზე სექსუალური ძალადობაა. გოგონები, რომლებიც პედოფილიის მსხვერპლები არიან ყოველი მეათე გინეკოლოგს ქონია შეხება. გინეკოლოგების ოთხ პროცენტს თავის პრაქტიკაში კონკრეტული შემთხვევა ქონია. გინეკოლოგთა 9 პროცენტი კი არ არის დარწმუნებული მსხვერლი, პედოფილიის მსხვერპლი იყო თუ არა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ძალადობის შემთხვევები დაუსჯელი დარჩა. გამოკითხულ პედიატრთა 59 პროცენტი აღიარებს, რომ საქართველოში ბავშვთა პროსტიტუცია არსებობს. პედიატრთა 18 პროცენტი თვლის, რომ საკმაოდ გავრცელებულია ბავშვთა გაყიდვა სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით. უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, ყოველი მეათე პოლიციელს ქონია შემთხვევა პედოფილიისა და ინცესტის ფაქტთან. მსხვერპლთა უმრავლესობა გოგონებია. სავარაუდოდ, ბიჭების შემთხვევები გაცილებით გაუხმაურებელია და პოლიციელებამდე არ მიდის. გამოკითხულ პოლიციელთა 40 პროცენტი ამბობს, რომ ქონიათ შემთხვევები, როცა მშობლები შვილებს უცხოელებზე ყიდიან და ბავშვთა პროსტიტუციაც საკმაოდ გავრცელებულია. გავრცელებულია ბავშვებით ვაჭრობა მათი სექსუალური ესქპლუატაციის მიზნით, თვლის ყოველი მეათე გამოკითხული საპატრულო პოლიცილი. გამოკითხულ პოლიციელთა აზრით, კი სახელმწიფომ აქტიურად უნდა დაიწყოს ბრძოლა ყველა იმ უფლებააყრილი ბავშვისთვის, რომლებიც არიან ძალადობისა და ექსპლუატაციის მსხვერპლნი. პირველ რიგში ყურადღებას მოითხოვენ ქუჩის ბავშვები და ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი.
საქართველოში დაფიქსირებულია ფაქტები, როდესაც შვილზე სექსუალური ძალადობის გამო, ცოლი კლავს მეუღლეს. ცოტა ხნის წინ ქვემო ქართლელმა ქალმა ნაჯახით მოკლა თავისი ქმარი და სარდაფში დამალა, მას შემდეგ რაც ქალიშვილზე ქმრის სექსუალური ძალადობის შესახებ შეიტყო. ამგავარი ბრალდებით ქართულ ციხე-კოლონიებში რამდენიმე ქალი პატიმარი იხდის სასჯელს.სტატიის სრული ტექსტი იხილეთ აქ